გიორგი ონიანის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
გადაცემა არჩევანში საუბრისას, ბექა ბასილაიამ აღნიშნა, რომ ონიანის საქმე ცალსახად არის პოლიტიკურად მოტივირებული და ხელისუფლების მიზანი იყო, შეეწყვიტა მისი ადვოკატური საქმიანობა და ბოლო დროს პოლიტიკური აქტივობა.
მისივე თქმით, გიორგი ონიანის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია უკავშირდება ბაჩო ახალაიას საქმეს, რომლის უფლებებსაც სწორედ ონიანი იცავდა.
ბექა ბასილაიას განცხადებით, სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდნენ ცრუ მოწმეები, რომელთა დახმარებითაც ხელისუფლებამ გაანეიტრალა გიორგი ონიანის აქტიურობა.
ადვოკატი აცხადებს, რომ მოწმეები, რომელიც პროკურატურამ სასამართლოზე წარადგინა, ამბობდნენ, რომ ისინი 3 წელი ელოდნენ სამართლიანობის აღდგენას.
ადვოკატი დაინტერესდა, სად იყვნენ ეს მოწმეები მანამდე, ანუ რატომ არაფერი თქვეს მაშინ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და რატომ გააქტიურნენ მაშინ, როდესაც ეს სწორედ მოქმედი ხელსიუფლებისთვის გახდა ხელსაყრელი.
გიორგი ონიანი დღეს სასამართლო დარბაზში დააკავეს. უფლებამოსილების გადამეტების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სასამართლომ მას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.