გიორგი ონიანის ადვოკატები გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს საქალაქო სასამართლომ მიიღო, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ამის შესახებ განცხადება ბექა ბასილაიამ გადაცემა არჩევანში გააკეთა.
მისი თქმით, ის გამოიყენებს ყველა იმ მექანიზმს, რის საშუალებასაც კანონი იძლევა და საბოლოოდ აუცილებლად დაცვის მხარე მიმართავს ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოს.
"სტრასბურგის სასამართლო არის ჩვენი ერთადერთი იმედი," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ადვოკატის თქმით, მთელი აბსურდულობა ამ საქმის არის ის, რომ ორი მოწმე, რომელიც ამტკიცებს, თითქოს, მათ ონიანმა ნარკოტიკი ჩაუდო, ვერ ასაბუთებს, რა ფორმით და როდის ჩაუდო მან ნარკოტიკული საშუალებები.
ბექა ბასილაიას განცხადებით, არაფრით დგინდება, რომ სწორედ გიორგი ონიანმა ჩაუდო ბრალდების ორ მოწმეს ნარკოტიკი.
გიორგი ონიანი დღეს სასამართლო დარბაზში დააკავეს. უფლებამოსილების გადამეტების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სასამართლომ მას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.