18 ნოემბერი 2024,   09:58
ვრცლად
დაკარგული ჯარისკაცის ოჯახისთვის ფულის გამოძალვის მცდელობისთვის დაკავებულის მეუღლე ამტკიცებს, რომ ბრალდებული თაღლითების მსხვერპლია

შავ ზღვაში წვრთნებისას დაკარგული ჯარისკაცის, გიორგი ნანეტაშვილის ოჯახისთვის ფულის გამოძალვის მცდელობისთვის დაკავებული 68 წლის პენსიონერის, ჯამბულ შეყილაძის მეუღლე ამბობს, რომ მისი ქმარი თაღლითების მსხვერპლი გახდა.

მანანა შეყილაძის ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში ყველს ყიდდა და რამდენიმე სავაჭრო ჯიხურშიც აბარებდა. ოჯახის წევრების თქმით, მან ერთ-ერთი ბრალდებული, ვახტანგ ბოლქვაძე გაიცნო, რომელმაც მოხუცი თაღლითურ სქემაში ისე ჩააბა, რომ არაფერი იცოდა.

საქმის მასალების მიხედვით, ერთ-ერთი ბოლო წერილი დაკარგული ჯარისკაცის ოჯახში ფოსტიდან სწორედ ჯამბულ შეყილაძემ გაგზავნა. ოჯახი ამტკიცებს, რომ წერილის შინაარსი ბრალდებულმა არ იცოდა და მისი გაგზავნა მისამართზე ბოლქვაძემ სთხოვა.

შავ ზღვაში წვრთნებისას დაკარგული ჯარისკაცის, გიორგი ნანეტაშვილის დედამ თურქეთიდან წერილები მიიღო, რომლის ავტორი თავს დაკარგულ ჯარისკაცად ასაღებდა. მითითებული იყო ანგარიშის ნომერიც, რომელზეც ის თანხის ჩარიცხვას ითხოვდა. ანგარიში 68 წლის პენსიონერს ეკუთვნის, რომელთან ერთადაც, გამოძიებამ კიდევ ორი პირი დააკავა.

ჯარისკაცები, გიორგი ნანეტაშვილი და იაგო შარაბიძე, შავ ზღვაში 2016 წელს სამხედრო წვრთნების დროს გაუჩინარდნენ.

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები