ოზურგეთში გაუჩინარებული გიორგი როყვას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელი არც სახლში და არც სამსახურში გამოჩენილა, გამორთულია ახალგაზრდის ორივე ტელეფონიც.
კონსტანტინე შარაშენიძის საარჩევნო შტაბში, სადაც მეორე ტურისთვის ემზადებიან, განმარტავენ, რომ გიორგი როყვას "ქართული ოცნების" კანდიდატის მხარდამჭერები ემუქრებოდნენ.
გავრცელდა ახალგაზრდის მიერ თანაგუნდელისთვის გაუჩინარებამდე გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოკვლევა დაწყებულია, თუმცა ოჯახთან გასაუბრების საფუძველზე, გაუჩინარების ფაქტი არ დასტურდება. დამატებით განმარტებებს უწყებაში არ აკეთებენ. გიორგი როყვა სოფელ ოზურგეთის საარჩევნო უბანზე ოზურგეთის თვითმმართველი თემის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელია.
„ამ დრომდე ვერ ხერხდება მასთან დაკავშირება, ორივე ნომერი აქვს გამორთული და ვერ ვუკავშირდებით. ჩემი ინფორმაციით, სამსახურშიც არ ყოფილა. ფაქტია ისიც, რომ სამსახურში არ ყოფილა, ფაქტია ისიც რომ ადამიანს გამორთული აქვს ტელეფონები და მე არ ვიცი მისი ადგილსამყოფელი,“ - ოზურგეთის მერობის კანდიდატ კონსტანტინე შარაშენიძის საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი სირაძემ.