საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის 2016-2017 წლის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. სასწავლო პროგრამა ქართულ და ამერიკულ მედია საშუალებებს შორის გრძელვადიანი პარტნიორობის დამყარებას და მედიის პროფესიულ განვითარებას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს შეერთებულ შტატებში მიღებული გამოცდილების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ მედიას და მედიის განვითარებას საქართველოში. ამერიკის მთავრობა და საელჩო გამოყოფს რესურსებს მედიის დამოუკიდებლობის ხელშეწყობისთვის. ვფიქრობ, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედია იყოს დამოუკიდებელი და სიცოცხლისუნარიანი, განსაკუთრებით კი, რეგიონული მედია საშუალებები. საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა კი, სწორედ ამას ითვალისწინებს - კავშირს ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონულ მედია საშუალებებსა და ქართულ რეგიონულ მედიას შორის,” - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ.