21 წლის ახალგაზრდა, რომელიც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა, შესაძლოა ფიზიკური დაპირისპირების მსხვერპლი იყოს. გიორგი ჭიჭინაძის ოჯახი ეჭვობს, რომ 21 წლის ახალგაზრდა 10 მეტრის სიმაღლიდან ფიზიკური დაპირისპირების დროს გადავარდა.
ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში რესტორან "კერიაში" მიმტანად მუშაობდა. ჩხუბი თავდაპირველად მასსა და მენეჯერს შორის დაიწყო, თუმცა შემდეგ დაპირისპირება უკვე დაცვის თანამშრომლებთან გაგრძელდა. ჭიჭინაძის ნათესავების თქმით, ახალგაზრდა თანამშრომლებმა მოგვიანებით ხევში იპოვნეს.
რესტორანში მომხდარი დაპირისპირება, სავარაუდოდ, რამდენიმე ვიდეო კამერამ დააფიქსირა. ჩანაწერები უკვე ამოიღო გამოძიებამ, თუმცა ოჯახის ინფორმაციით, ვიდეო ფირებზე არ ჩანს, რა მოხდა კონკრეტულად შემთხვევის ადგილზე. ახალგაზრდა მამაკაცის მეგობრები აცხადებენ, რომ საქმის გამოძიება შეგნებულად ჭიანურდება და მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებას ათობით ადამიანი შეესწრო, სამართალდამცველებმა ამ დრომდე მხოლოდ ერთი პირი, რესტორნის ბარმენი დაკითხეს.
ბრალდებებს უარყოფს რესტორან "კერიას" მენეჯერი. ივეტა ფარცვანია ამტკიცებს, რომ სამუშაო დროს ჭიჭინაძე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სტუმრებთან ერთად შეურაცხყოფას მასაც აყენებდა. მენეჯერი აცხადებს, რომ ახალგაზრდას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც შესაძლოა, სუიციდის მცდელობის მიზეზი გამხდარიყო.
ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.