18 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
სისხლიანი დაპირისპირება წალკაში - მკვლელობის მცდელობით გასამართლებული პირის ადვოკატი პოლიციელებს უჩივის 

წალკაში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე ადვოკატები განაჩენის შეცვლას მოითხოვენ. მელტონიანების და თამარიანების ოჯახების კონფლიქტში, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე და რამდენიმე პირის ჯანმრთელობა შეეწირა, ახალი გარემოებები გამოჩნდა.

მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულის დამცველი ამტკიცებს, რომ მელტონიანის ტელეფონში ნაპოვნი ინფორმაცია მთლიანად ცვლის ბრალდებას და ეჭვქვეშ აყენებს პოლიციელების კეთილსინდისიერებას. ადვოკატი ამბობს, რომ მელტონიანის მიერ წალკის პოლიციასა და 112-ში განხორციელებული ზარები გამომძიებლებმა დამალეს.

სამსონ თამარიანი წალკის საკრებულოს ყოფილი მაღალჩინოსანია. მელტონიანებსა და თამარიანებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეს უკანასკნელი მელტონიანის 16 წლის შვილს მანქანით დაეჯახა. დაზარალებულები იმ დროიდან ამტკიცებენ, რომ არასრულწლოვნის დაინვალიდება უბედური შემთხვევა არ იყო და თამარიანი შეგნებულად მოქმედებდა.

ამ ინციდენტს იმ დღესვე მოყვა სისხლიანი გარჩევა. ორმხრივი სროლისას სამსონ თამარიანის შვილმა საფანტის თოფით მოკლა აიკ მელტონიანის ძმისშვილი, თავად მელტონიანმა კი, მასზე გაფორმებული იარაღიდან დაჭრა სამსონ თამარიანის ძმა.

მსჯავრდებულ მელტონიანის ადვოკატი ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებმა დამალეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ავარიის შემდეგ მელტონიანი მათთან რეკავდა და დახმარებას ითხოვდა. თუმცა, კონფლიქტის განეიტრალების ნაცვლად, გამომძიებლებმა საქმის მასალებში საერთოდ არ მიუთითეს, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.

ადვოკატი ამბობს, რომ პოლიციელები სასამართლოში ფიცის მიცემის შემდეგაც იტყუებოდნენ. წალკის პოლიციის თანამშრომლებს აიკ მელტონიანი და მისი ადვოკატები ახლა პროკურატურაში უჩივიან.

 

დღის ამბები