ჯარისკაცის ოჯახისთვის თანხის გამოძალვის საქმეზე საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე საკუთარი მტკიცებულებები ბრალდების მხარემ წარადგინა, კერძოდ, სატელეფონო ჩანაწერები, რომელიც წინასწარი გამოძიების ეტაპზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე არის ჩაწერილი.
როგორც სახელმწიფო მბრალდებელი ამბობს, ეს არის მტკიცებულება, რომლითაც დგინდება, რომ ბრალდებულებმა დაგეგმეს თაღლითური სქემა და ისინი ცდილობდნენ, რომ დაღუპული ჯარისკაცის ოჯახისთვის ფული გამოეძალათ.
“ეს არის სატელეფონო კავშირის მიყურადება ჩაწერა ფარულად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რა დროსაც დასტურდება, რომ ეს პიროვნებები შეთანხმებულად მოქმედებენ ერთად, აგზავნიან წერილებს, ასევე არის ფოსტიდან მიღებული ჩანაწერები, ვიდეო კამერების, სადაც ნათლად ჩანს იგივე იმ ადვოკატის დაცვის ქვეშ მყოფი პირი როგორ აგზავნის წერილს. ასევე არსებობს მოწმეთა ჩვენებები, როდესაც ერთ-ერთი ბრალდებული თავად გადასცემს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს წერილს,“ - განაცხადა პროკურორმა ვახტანგ ბოლქვაძემ.
ადვოკატის განცხადებით კი, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ მოიპოვება.
“პროკურატურა ამტკიცებს, რომ ერთად შეთანხმდნენ ეს პიროვნებები, თუმცა არცერთი მტკიცებულება არ მოიპოვება საქმეში, რომ ჯამბულ შეყილაძემ იცოდა შინაარსი წერილებისა, იცოდა თუ სად აგზავნიდა ამ წერილს, ის მოტყუებულია, თვითონ არის მსხვერპლი თაღლითობის“ - განაცხადა ადვოკატმა გია ხიდურელმა.
ვახტანგ ბოლქვაძეს გია ხიდურელს და ჯამბულ შეყილაძეს სახელმწიფო ბრალდება ჯგუფურად თაღლითობის მცდელობას ედავება. კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ბრალდებულებმა დაგეგმეს, რომ გონიოში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახისთვის თაღლითური გზით გამოეძალათ ფული. მათ რამდენჯერმე გაუგზავნეს ოჯახს წერილი, რომ თითქოს ჯარისკაცი ცოცხალი იყო და ის თურქეთში ცხოვრობდა.