ახალგორის საავადმყოფოს ექიმები, დირექტორის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ. მედიკოსები, ონისე გათენაშვილს ნეპოტიზმსა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. საავადმყოფოს ყოფილი ბუღალტერი ამტკიცებს, რომ გეთიაშვილმა სტაციონარში ოჯახის წევრები დაასაქმა და ხელფასს მხოლოდ იმ თანამშრომლებს უხდის, ვინც საავადმყოფოში დირექტორის ინტერესებს ემსახურება.
საავადმყოფოს დირექტორის საქმიანობის შესახებ, შეკითხვები რაიონის გამგებელსაც აქვს. უკვე არსებობს აუდიტის დასკვნაც, სადაც კონკრეტულ დარღვევებზეა საუბარი, თუმცა საავადმყოფოს ამბებით, ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროები ამ დრომდე არ დაინტერესებულან.
მედიკოსების პრეტენზიებს უარყოფს ახალგორის საავადმყოფოს დირექტორი. ონისე გათენაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა იმ თანამშრომელთა ხელფასებს ხმარდება, რომლებიც 2008 წლიდან მუშაობენ. დირექტორი ადასტურებს, რომ 29 დასაქმებულს შორის არიან მისი ოჯახის წევრებიც. საავადმყოფოს ხელმძღვანელი ხელისუფლებისაგან დაფინანსების გაზრდას ითხოვს.
რატომ არ მიმართეს აუდიტის დასკვნის შემდეგ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა მთავარ პროკურატურას უცნობია. "კურიერის" კითხვები ორივე უწყებამ უპასუხოდ დატოვა.