ხაშურის საარჩევნო ოლქში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი, რამაზ ნოზაძე უპირისპირდებიან.
საოლქო კომისიის თავმჯდომარის იმედო ლაცაბიძის ინფორმაციით საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ამ ეტაპზე დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე კი აცხადებს, რომ არის მცდელობა სახელისუფლებო რესურსის გამოყენების.
„ჩემი ინფორმაციით არის რაღაც მცდელობები, რომ სახელისუფლებო რესურსი იქნას გამოყენებული. ძირითადად თანამშრომლებზე, რომ მოვიდნენ და ხმა მისცენ. ასე აშკარად გარეთ, ქუჩაში არ დარბიან ჯერჯერობით და ვნახოთ რა იქნება შუადღის შემდეგ ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით სიწყნარეა,“-აცხადებს რამაზ ნოზაძე.
სახელისუფლებო კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი კი აცხადებს, რომ არანაირი უკანონო ქმედებისთვის ხელისუფლება არ ემზადება და ბრალდებები, რომელიც ისმის ოპოზიციის ფანტაზიის ნაყოფია.