18 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
დაუზუსტებელი ინფორმაციით მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში მოსალოდნელ სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობენ

გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსალოდნელ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა მიმდინარეობს, ოფიციალურად არ ადასტურებენ.

რაც შეეხება მოსალოდნელ ცვლილებებს, ერთიანდება რამდენიმე სამინისტრო - სიახლე ხუთ უწყებას - გარემოს დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, სასჯელაღსრულების, ევროინტეგრაციის და ენერგეტიკის სამინისტროებს ეხება.

არსებული ინფორმაციით თანამდებობას ტოვებენ: შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილება საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თუმცა თავად მინისტრი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას პრეზიდენტობის კანდიდატად მის დასახელებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება სამინისტროების ოპტიმიზაციას - საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ თემაზე ოფიციალური განცხადებები მოგვიანებით გაკეთდება.

„ნებისმიერი ცვლილებების  შესახებ თუ რაიმე განხორციელდება ამის შესახებ გაკეთდება განცხადება შესაბამისი პირის მიერ,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ბექა ოდიშარია კი აცხადებს, რომ ცვლილებები პოლიტიკაში ყოველთვის საჭირო არის და შეუცვლელიც არავინ არის. ის კონკრეტულ პირებს თუ ვინ დატოვებს თანამდებობას არ ასახელებს თუმცა ამბობს, რომ საზოგადოება დეტალებს გაიგებს ხვალ.

მოსალოდნელ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ უმრავლესობის წევრებს. ზვიად კვაჭანტირაძის თქმით შესაძლოა მსგავსი ცვლილებები იგეგმებოდეს, თუმცა დაზუსტებით ინფორმაცია მას ამ საკითხზე არ აქვს.

დღის ამბები