მოსალოდნელ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმაურება ოპოზიცია.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ეს არის ხელისუფლების მცდელობა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აირიდოს ყველა იმ შეკითხვაზე, რაც დაგროვდა. სალომე სამადაშვილის თქმით კითხვები არსებობს შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ, რომელსაც დეპუტატები უკვე რამდენიმე თვეა პარლამენტში იბარებენ. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გიორგი მღებრიშვილს პოსტზე გიორგი გახარია ჩაანაცვლებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ გახარიას ამის გამოცდილება და კომპეტენცია არ აქვს.
„გიორგი გახარიას ჩემთვის რამდენადაც ცნობილია არანაირი გამოცდილება და არანაირი შესაბამისი არც პოლიტიკური გამოცდილება, არც პროფესიონალური გამოცდილება არ აქვს იმისთვის,რომ დაიკავოს ესეთ საკვანძო პოსტი,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისივე თქმით მხოლოდ სამინისტროების შემცირება არაფერს არ ნიშნავს.
მოსალოდნელ ცვლილებებს ეხმაურებიან „ევროპულ საქართველოშიც.“ ოთარ კახიძის განცხადებით, მეორე წელია პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები და მთავრობის როლი და ზომა. მისივე თქმით თუ სამინისტროების გაერთიანებით მთავრობა შეამცირებს სამთავრობო ხარჯებს, მაშინ ეს იქნება სწორი ნაბიჯი.
„როდესაც ეკონომიკური ზრდის ტემპი გვაქვს დაბალი და მოსახლეობას კიდევ უფრო და უფრო მეტად უჭირს ამ ფონზე, ერთ-ერთი სწორი გზა არის გადასახადების შემცირება და სამთავრობო ხარჯების შემცირება. ამ გადაადგილებებს და ოპტიმიზაციას თუ მოჰყვება რეალური ნაბიჯები, რომელიც შეამცირებს სამთავრობო ხარჯებს და გადასახადის გადამხდელს შეუმცირდება ეს წნეხი, მაშინ ეს იქნება უდაოდ სწორი ნაბიჯი,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.