მოლდოველი იგორ პრეიდა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი პრეიდა ამტკიცებს, რომ ოფიციალურად მოლდოვამ მასზე ძებნა გარდაცვლილი ცოლის, გლაფირა პრეიდას ოჯახისა და პროკურატურის მიერ ფალსიფიცირებული საქმის გამო დაიწყო. იგორ პრეიდა თბილისში 7 თვის წინ დააკავეს. მოლდოვა მას ინტერპოლით, ცოლის ტრეფიკინგისა და სექსუალურ ექსპლუატაციის ბრალდებით ეძებდა.
იგორ პრეიდამ ქორწინებიდან რამდენიმე თვეში მოლდოვა ცოლთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დატოვა და საცხოვრებლად ბაქოში გადავიდა. ოჯახური კონფლიქტის დროს, მისი ცოლი ფანჯრიდან გადახტა. მომხდარზე აზერბაიჯანულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ სუციდი იყო და გლაფირა პრეიდას ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ცხედარი მოლდოვაში ქალის ოჯახმა დაკრძალა. რამდენიმე თვეში კი გარდაცვლილის ქმარზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
ადვოკატის მიერ საქმეს თანდართული მტკიცებულებით ირკვევა, რომ პროცესიის დროს ქალის ნათესავებმა დაარბიეს და გადაწვეს იგორ პრეიდას სახლი.
მუქარასა და შანტაჟზე საუბრობენ იგორ პრეიდას ოჯახის წევრები. თბილისში თავშესაფრის მოლოდინში არიან დაკავებულის დედა, დები და რამდენიმე არასრულწლოვანი. ოჯახი ამბობს, რომ მოლდოვაში არსებული ვითარებისა და ფალსიფიცირებული საქმის გამო სამშობლოში ვეღარც ისინი ბრუნდებიან. დაკავებულის დედა და და ამტკიცებენ, რომ გარდაცვლილი რძლის მამა ურეკავს და განადგურებით ემუქრება.
ბოშათა ოჯახის ქართველი ინტერესების დამცველი დარწმუნებულია, რომ იგორ პრეიდას მოლდოვასთვის გადაცემით მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქრება.
ახლა იგორ პრეიდა ცდილობს ქართველი მოსამართლე დაარწმუნოს, რომ ცოლი არ მოუკლავს თუ მას მოლდოვას გადასცემენ, სიკვდილით დასჯიან.