ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის 25 საჩივარია შესული. კომისიის სპიკერის ანა მიქელაძის თქმით, დარღვევები ძირითადად პროცედურული ხასიათისაა და მათი ნაწილი უბნებზევე იქნა დაკმაყოფილებული.
„ყველაზე მეტი საჩივარი შესული არის ბორჯომში, მისი რაოდენობა არის 11 საჩივარი, შემდეგ ოზურგეთში 10 საჩივარი, ქუთაისში 2 საჩივარი, ხოლო მარტვილსა და ხაშურში თითო-თითო საჩივარი. რაც შეეხება ყაზბეგს, აღნიშნულ ოლქში ამ დროისთვის არც ერთი საჩივარი არ ფიქსირდება,“-განაცხადა ანა მიქელაძემ.
პროცედურულ დარღვევებზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მედიაცენტრში პრესკონფერენციებს მართავდნენ და დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას საზოგადოებას აწვდიდნენ.
„ძირითადად უფრო მაინც პროცედურული ხასიათის დარღვევებთან გვქონდა საქმე, რომლებიც არსებითად ისეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური ხასიათის დარღვევებს არ წარმოადგენს, მაგრამ არის მაინც გარკვეული ხარვეზები. რაც შეეხება ზოგადი ტენდენციის სახით უკვე უბნების მიღმა რაც ხდებოდა, განსაკუთრებით ოზურგეთში ჩვენთვის შესამჩნევი იყო ის, რომ უბნებთან დღის განმავლობაში კონცენტრირებული იყო როგორც კოორდინატორი, ასევე პოლიციის და სამართალდამცავი უწყებების ბევრი წარმომადგენელი, რომელთაც აქვთ უფლება უბნების გარეთ ყოფნის მაგრამ მათი ასეთი დიდი რაოდენობით კონცენტრაცია შესაძლოა ამომრჩევლის მიერ იყოს აღქმული, როგორც ზეწოლის მცდელობა,“-განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.
რაც შეეხება საია-ს, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" შენიშვნები აქვს ბორჯომის #17-ე საარჩევნო უბანთან დაკავშირებით, სადაც ანა ნაცვლიშვილის თქმით ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს სომხურ ენაზე. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით ეს არის კანონმდებლობის დარღვევა რადგან საქართველოში საარჩევნო პროცესები, ისევე როგორც სხვა საჯარო პროცესები უნდა მიმდინარეობდეს სახელმწიფო ენაზე, რაც არის ქართული ენა. გარდა ამისა, საიას თავმჯდომარის თქმით გარკვეული ტენდენციის სახით მეორე ტურებზე გამოიკვეთა ამომრჩევლის აღრიცხვა უბნის გარეთ მდგომის კოორდინატორების მხრიდან.