დავით გიორგაძის სახელზე რეგისტრირებული "კამაზის" მარკის ავტომობილი იმ სისხლის სამართლის საქმის ერთადერთი ნივთმტკიცებაა, რომელიც ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით დაწყებული გამოძიების პროცესში ამოიღო.
კრიმინალურმა შემთხვევამ, შემოსავლის გარეშე დატოვა მამაკაცი, რომელსაც შესაძლო დანაშაულთან არც პირდაპირი და არც ირიბი შეხება ჰქონია.
სატვირთო ავტომობილის მძღოლმა, საკრედიტო ორგანიზაცია "დე-კრედიტიდან" სესხის სანაცვლოდ მეგობრისგან ნაყიდი კამაზის მარკის ამწე ჩადო, რომელიც, ჯერ კიდევ არ იყო მის სახელზე რეგისტრირებული. შესაბამისად "დე-კრედიტთან" დადებულ სესხის ხელშეკრულებაშიც, მსესხებლისა და დამგირავებლის გრაფაში არა დოდაშვილის, არამედ "კამაზის" იურიდიული მფლობელის ზაზა შაყულაშვილის ხელმოწერა დაფიქსირდა, თუმცა მოგვიანებით, დოდაშვილს დავალიანების გადახდა გაუჭირდა და "კამაზის" ნაწილების გაყიდვა დაიწყო.
საკრედიტო ორგანიზაციამ მას დალომბარდებული ამწეს ჩვენება მოსთხოვა. ვინაიდან 2015 წელს ნაყიდი ამწე უკვე ნაწილებად ჰქონდა გაყიდული და შესაბამისად ამ დროისთვის მთლიანი მანქანა აღარ არსებობდა, მისი სანომრე ნიშნები სხვა მანქანას მიამაგრა, რომელიც რეალურად დავით გიორგაძეს ეკუთვნის. ამწეს, რომელსაც კრედიტოფიცერმა სურათები გადაუღო, „დე-კრედიტში“ დალომბარდებულ მანქანასთან საერთო არაფერი ქონდა, გარდა იმისა, რომ ორივე კამაზის მარკის იყო.
კრედიტოფიცერს, მსესხებლის აშკარა ტყუილზე ყურადღება არ გაუმახვილებია და სხვა პიროვნების კუთვნილი ავტომობილის სურათები, სესხის ხელშეკრულებაში ჩადო.
მოგვიანებით კი "დე-კრედიტმა" პროკურატურაში საჩივარი შეიტანა და დოდაშვილი თაღლითობაში დაადანაშაულა. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, სამართალდამცავებმა შესაძლო თაღლითობის დამადასტურებელ ნივთმტკიცებად ის კამაზი ამოიღეს, რომლის სურათებიც სესხის ხელშეკრულებაში იდო. დღეს გიორგაძის კუთვნილი ავტომანქანა დალუქულია.
ავტორი: გიორგი გვიშიანი.