თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეაჯამეს.
"ახალგაზრდა იურისტებმა" და "სამართლიანმა არჩევნებმა" ისაუბრეს ოზურგეთის 59-ე უბანზე გამოვლენილ დარღვევებზეც, სადაც მათი თქმით, ადგილი ჰქონდა შედეგების ხელოვნურად გაბათილების მცდელობას. სწორედ ეს უბანი აღმოჩნდა გადამწყვეტი დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვებისთვის.
საია-ს თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა ამომრჩევლის ნების კონტროლის შემთხვევებზე, რომელსაც კოორდინატორები ამჯერად უბნის გარეთ ახორციელებდნენ.
„ოზურგეთის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა იმ ბიულეტენების ნამდვილად მიჩნევის პრობლემა, სადაც ამომრჩევლის ნება იყო გამოკვეთილი. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღსანიშნავია ნასაკირალის უბანი (ოზურგეთის #59-ე უბანი), სადაც არეულობა იყო ხმის დათვლის პროცესში. განვითარებული მოვლენები ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა უბანზე დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლო შედეგები, ადგილი ჰქონდა სიტუაციის განზრახ არევის და შედეგების უსაფუძვლოდ გაბათილების მცდელობას,”-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
სამოქალაქო სექტორის შეფასებით, ხელოვნურად გაჭიანურდა შემაჯამებელი ოქმის გამოცემა.
მედიაცენტრში განცხადებები ხაშურში მომხდარ ინციდენტზეც გაკეთდა, როცა საარჩევნო უბანთან შეკრებილი მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
„აღსანიშნავია რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარე შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერაზე უარს აცხადებდა, რაც საარჩევნო კანონმდებლობით დაუშვებელია,“-აცხადებს მიხეილ ბენიძე.