„ჰაბ ჯორჯია“, ფინანსთა ახალ მინისტრს, წარსული საქმიანობის გამო აკრიტიკებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები რკინიგზის სტრუქტურის დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბებას ითხოვენ.
ორგანიზაციის წევრების შეფასებით, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობის პირობებში, გადაზიდვები 49 პროცენტით შემცირდა, რაც ყოფილ პრემიერთან ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირების პირადი ინტერესების ხარჯზე მოხდა.
„ჰაბ ჯორჯიას“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ რკინიგზაში მართვის სტრუქტურა მთლიანად უნდა შეიცვალოს.
„არა ერთხელ დავაყენეთ დღის წესრიგში ისეთი პრობლემები, რომელიც უკავშირდება მონოპოლიას, არასწორ მმართველობას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, თანამდებობრივ გულგრილობას, კორუფციას და სხვადასხვა ძალიან მძიმე ბრალდებებს, თუმცა ჩვენ ვერ ვნახეთ მთავრობის მხრიდან შესაბამისი, ადეკვატური ნაბიჯი გადადგმული. ამ ფონზე, ვინც ეს ყველაფერი „შეასრულა“ იმას ვახალისებთ და პრემიერმინისტრი პირდაპირ ეთერში გვატყუებს, როცა წარადგინა მან ფინანსთა მინისტრი, რომ მან წარმატებას მიაღწია საქართველოს რკინიგზაში,“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.