ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი დღეს ვლადიმერ პუტინს ხვდება. ანატოლი ბიბილოვის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით ჩავიდა. ეს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის და რუსეთის ლიდერის რიგით მეორე შეხვედრაა.
ბიბილოვის და პუტინის შეხვედრას საპარლამენტო უმცირესობაში ეხმაურებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს საკითხი უნდა გახდეს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ერთ-ერთი განხილვის საგანი.
„დღეს არ განიხილება საქართველო ამ კონტექსტში. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როდესაც დღეს ჩვენ გვთავაზობენ შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურას, რომელსაც პირდაპირ აქვს ბიზნესინტერესები რუსეთში, რომელიც წლების მანძილზე მონაწილეობდა სწორედ რუსეთში. როდესაც ამ უწყებას ევალება დიდ წილად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, რომ ბატონო გახარია ამ პოსტზე იყოს ადეკვატური კანდიდატი მისი ინტერესების გათვალისწინებით რუსეთში,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეხვედრას ეხმარებიან „ევროპულ საქართველოშიც“. პარტიაში ამბობენ, რომ პუტინი-ბიბილოვის შეხვედრა დადასტურებაა იმის თუ რა ინტერესი გააჩნია ამ რეგიონის მიმართ რუსეთს.
„ეს არის ნაბიჯი, რომელიც არის რა თქმა უნდა, არამეგობრული საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ მთავარი აქ რაც იკითხება არის ის, რომ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს ჩვენი ოკუპირებული რეგიონების შემდგომი ანექსია. ღიად არის საუბარი იმაზე, რომ ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულების ეფექტური იმპლემენტაცია იქნება მთავარი საგანი ამ შეხვედრის, რაც კარგად გვესმის, რომ გულისხმობს ცხინვალის რეგიონის კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციაში. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მხრიდან არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს ანტიანექსიური სტრატეგია,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.