დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელი, არმაზ ახვლედიანი, გადაცემა არჩევანში სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება.
როგორც მან განაცხადა, "ერთი შეხედვით კრიტიკის საფუძველი შეიძლება, არც ჩანდეს და შეიძლება, ვინმემ თქვას კიდეც, რას ერჩით მთავრობას, გადაწყვიტეს, რომ შეამცირონ ხარჯები და ოპოზიციაც ამას არ ითხოვდა? მაგრამ ის, რაც ხდება არის უმძიმესი მდგომარეობა".
არმაზ ახვლედიანის თქმით, პრემიერი უხერხულ მდგომარეობაშია და ის არც კი იყო ჩახედული ამ ცვლილებებში, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც ეხება შს და ფინანსთა მინისტრებს, გახარიას და ბახტაძეს. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ მათგან რომელიმე მომავალში შეცვლის კვირიკაშვილს პრემიერის პოსტზე.
არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ გიორგი კვირიკაშვილს მაქსიმუმ განათლების მინისტრის არჩევის საშუალებას მისცემდნენ.
ახვლედიანი აცხადებს, რომ მთავრობა სრულად არის დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებზე და მინისტრები ელიან, რა განწყობა ექნება მას.
„მთავრობა სრულად არის დამოკიდებული ერთი ადამიანის განწყობებზე,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა და აღნიშნა, რომ "პროცესს დღეს ქვეყანაში მართავს უშიშროების სამსახური, რომელიც უფრო გაძლიერდება და ამ მონსტრის გაძლიერებით რას მიიღებს ქვეყანა, ჯერ კიდევ საკითხავია".