სამთავრობო ცვლილებები პარლამენტში სესიაზე ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა იყო. ოპოზიციონერი დეპუტატები დაინტერესდნენ თუ რას ითვალისწინებს ოპტიმიზაცია, რა რაოდენობის თანხა დაიზოგება და რამდენი ადამიანი დაკარგავს სამსახურს.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე დაინტერესდა ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებების შესახებ მმართველი გუნდის წევრებს.
„ბიუჯეტის განხილვისას, როდესაც ევროპული საქართველო მოგიწოდებდათ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებისკენ, მათ შორის სტრუქტურული ცვლილებების ხარჯზე თანხის დაზოგვას და ამით საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, თქვენ თავგამოდებით იცავდით და აცხადებდით, რომ ამის რესურსი არ არის ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. იხილავდით უკვე ამ რეფორმებს და დაუმალეთ საზოგადოებას თუ თავად არ იცოდით? უფრო სწორად, თავად არ იცოდით ამ ცვლილებების შესახებ,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ცვლილებებს გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობაც.“ სალომე სამადაშვილის თქმით უმრავლესობის წევრები ერთის მხრივ აქებენ და ადიდებენ სამთავრობო ცვლილებებს, რომელიც მათთან არავის შეუთანხმებია და არც შინაარსი იციან.
„ჩემთვის ის არის საინტერესო ბატონმა კვირიკაშვილმა თუ იცოდა ამ ცვლილებების შესახებ თუ ისიც ბოლო წუთში ჩააყენეს საქმის კურსში და არაფორმალური მმართველობაა როდესაც ქვეყანა იმართება სადღაც, კერძო რეზიდენციიდან იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკის დაგეგმვა მიმდინარეობდეს პოლიტიკურ უწყებებში. პოლიტიკური ოლიგარქია რომელიც შეიქმნა ამ ქვეყანაში ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ოპოზიციის შეფასებებს მმართველ გუნდში უპასუხეს. ნუკრი ქანთარიას განცხადებით ის ელოდა რომ დღესაც აქტუალური იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის სახელი.
„აი კიდევ ერთხელ დააზუსტეს, რომ ბიძინას გარეშე მზე არ სუფევს მათთვის ცის კამარაზე. და თვითონ ბიძინაც რომ არ არსებობს ბიძინას გარეშე,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.