18 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
"რაც ხდება ამ ქვეყანაში, ეს არის სრული განუკითხაობა,“ - იუსტიციის სახლტან მომხდარ დაკავებას საქალაქო სასამართლოსთან აპროტესტებენ

იუსტიციის სახლთან გამართულმა აქციამ, სადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლა. დაკავებულთაგან ერთ-ერთი სამართალდამცველთა "რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავაა, რომლის ორგანიზებულიც იყო დღევანდელი აქცია.

გავრცელებული ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოში დაკავებულები ამ წუთებში გადაყავთ, სადაც აქციის სხვა მონაწილეები ელოდებიან. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სულ 4 პირია დაკავებული.

ზვიად კუპრავას გარდა, გავრცელებული ცნობით, დაკავებულია აქციის ორი მონაწილე კოკოშაშვილი, ხიდაშელი და ასევე დაკავებულია იმ სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელიც აქციაზე ბანერის მისატანად დაიქირავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, 4  პირის დაკავებას არ ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, აქციაზე 3 ადამიანი დააკავეს. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც პოლიციისათვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„ჩვეულებრივ მოქალაქეს აჩერებენ, გადმოყავთ მანქანიდან და გადასვეს პოლიციის მანქანაში. დღესდღეობით რაც ხდება ამ ქვეყანაში, ეს არის სრული განუკითხაობა,“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნინო ცისკარიშვილი.

შეკრებილები იმ 41 ადამიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის დადგმას ცდილობდნენ, რომლებიც მათი აზრით, ბოლო წლების განმავლობაში სწორედ სამართალდამცავ უწყებებთან ურთიერთობას შეეწირნენ.

პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს მემორიალის დადგმის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება და შელაპარაკება მოჰყვა.

დღის ამბები