18 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
რძის პროდუქტები ოქროს ფასად - საქართველოში ვირის რძისაგან წარმოებული 250 გრამი ყველი 500 ლარი ღირს

რძის პროდუქტები ოქროს ფასად - საქართველოში ვირის რძისაგან წარმოებული 250 გრამი ყველი 500 ლარი ღირს.

80 სახედარი დღეში მხოლოდ შვიდ ლიტრ რძეს იწველება, ერთი კილო ყველის მომზადებას კი 25 ლიტრი რძე სჭირდება.

ერთი ვირი დღეში 100 დან 500 გრამამდე იწველის, ამიტომ რძეს ფერმერები კვირაობით აგროვებენ. დელიკატესს კი, რომელსაც ჯერ არ ყიდიან, მაღალი შემცველობით ლაქტოზა, C ვიტამინი და კალცი აქვს.

სახედრის რძის სამკურნალო ეფექტსა და დანიშნულებაზე 56 წლის თემურ ლომიძემ ევროპაში 10-წლიანი ცხოვრების დროს გაიგო. პროფესიით მოქანდაკე ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნებისას ნამდვილმა სიგიჟემ შეიპყრო, 40 ჰექტარი მიწა იჯარით აიღო, კახეთსა და ქვემო ქართლში 80-მდე ვირი იყიდა და კავკასიაში სახედრის პირველი ფერმა ვირლანდია დაარსა.

ვირების ფერმის მეპატრონე ყვება, რომ 80-მდე სახედრის რძით რამდენიმე თვეში განკურნა ათობით ჩვილი ყივანახველისგან, ბრონქების მძიმე დაავადებისგან, გაციებისგან და აუმაღლა იმუნური სისტემა.

ვირის რძე განსაკუთრებით ძვირად ფასობს ევროპაში, სადაც მას ბავშვთა კვებაში, პარფიუმერიასა და ფარმაციაშიც იყენებენ.

ქართული წარმოების სახედრის რძითა და ყველით უკვე დაინტერესდნენ უცხოეთში. იმისათვის, რომ ნაწარმი ქვეყნიდან ექსპორტზე გავიდეს, ვირლანდიამ წარმოება უნდა გაზარდოს.

დღის ამბები