ანჩისხატი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია. ოქროს ფონდი შაბათის კურიერისთვის გაიღო. რუსთავი2-ის გადამღებ ჯგუფს საშუალება მისცეს, ხელოვნების უნიკალური ნიმუშები - სიწმინდეები გადაეღო.
ეროვნული საგანძურისთვის დარბაზში სპეციალური პირობებია შექმნილი, კლიმატის დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, მსოფლიოში ერთადერთი და უნიკალური სიმდიდრე მთლიანად განადგურდეს.
მიუხედავად ამისა, მრევლი მოითხოვს, რომ მეექვსე საუკუნის ანჩისხატი ეკლესიას დაუბრუნდეს. მრევლი, რომელიც მუზეუმის კედლებთან ანჩხისხატის ასლთან ლოცულობს, ამბობს, რომ სიწმინდის ადგილი ტაძარშია.
ათასობით ხელმოწერის მიუხედავად, მუზეუმიდან სიწმინდეების გატანის გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
წმინდა სინოდის წევრებს მიაჩნიათ, რომ ვიდრე არ შეიქმნება უსაფრთხოებისთვის აუცილებელი პირობები, მანამდე დაცული სივრცე სიწმინდეებმა არ უნდა დატოვოს.