სოფელ ბედიანში არსებულ ბავშთა ცენტრში, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისგან განსხვავებით, აღსაზრდელებს 18 წლის შემდეგაც შეუძლიათ დარჩენა. აღსაზრდელები იქ ცხოვრებას აგრძელებენ და სხვადასხვა საქმიანობით არიან დაკავებულები, ზოგიერთი მათგანი მეფუტკრეობით, ზოგიერთი კი სოფლის მეურნეობით.
ბედიანის ბავშვთა ცენტრის ბინადრები რამდენიმე სახლში არიან გადანაწილებულები.
ერთ-ერთი სახლში 4 ბიჭი ცხოვრობს, 4-ვე სრულწლოვანია, ბავშვობა იქ გაატარეს, საცხოვრებლადაც დარჩნენ და პარალელურად მუშაობენ.
ბედიანის ბავშვთა ცენტრს ხშირად სტუმრობენ უცხოელები და ტრენინგებს უტარებენ.
არასრულწლოვანი გოგონები და ბიჭები ცალ-ცალკე, აღმზრდელებთან ერთად, ცხოვრობენ. სახლები ერთმანეთთან ახლოსაა და საქმისთვის ან გასართობად ერთად იკრიბებიან. უფროსები კი მათზე ზრუნვასაც ითავსებენ. ახალგაზრდები ინტერესიდან გამომდინარე ირჩევენ გზას, ზოგი სასწავლებლად მიდის და ქალაქში რჩება.
ბედიანის ბავშვთა ცენტრი 1999 წელს შეიქმნა. ორმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა, ძეგვის ბავშვთა სახლიდან რამდენიმე აღსაზრდელი წამოეყვანა და იქ დასახლებულიყვნენ. ბედიანის ბავშვთა ცენტრის დირექტორი, ზვიად ხაფავა, ბავშვებთან ერთად, იქ საცხოვრებლად გადავიდა. დაცლის საშიშროების წინაშე მყოფ სოფელში ახალი ცხოვრება დაიწყო და ნელ-ნელა გაფართოვდნენ.