არასამთავრობო ორგანიზაციებს სასამართლოს დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევ პროცესთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. სამოქალაქო სექტორის შეფასებით, პროცესი გაუმჭვირვალე და დახურული იყო. კერძოდ, დახურული იყო კონკურსანტების სია და მათი ბიოგრაფია, ასევე დახურულ რეჟიმში ჩატარდა მათთან გასაუბრება.
არასამთავრობოები კონკურსანტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ. მათი თქმით, სასამართლოს ინსპექტორის კვალიფიკაციასთან და რეპუტაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები რა უნდა არსებობდეს.
„დამოუკიდებელი ინსპექტორის როლი მნიშვნელოვანია, ვინაიდან, სწორედ ის აწარმოებს სავარაუდო გადაცდომების წინასწარ მოკვლევას და შესაბამის დასკვნებს წარუდგენს საბჭოს. დღეს უკვე აირჩიეს ინსპექტორი თუმცა, ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია კონკურსში მონაწილე კანდიდატების ვინაობა, ასევე ჩვენ არ გვქონდა გასაუბრების პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა. გამომდინარე აქედან, ჩვენ მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ გაასაჯაროოს მონაწილე კანდიდატების ბიოგრაფიული მონაცემები, ისევე როგორც გასაუბრების ვიდეო ჩანაწერები,“ - განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტმა ოლიკო შერმადინმა.
სასამართლოს დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე გახდა. ცინცაძე ბოლო დრომდე უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა. იუსტიციის საბჭოს წევრების ნაწილი ამ კონკურსით უკმაყოფილოა. მათი თქმით, კონკურსში არასათანადო კვალიფიკაციის კანდიდატები მონაწილეობდნენ.