ამ წუთებში ბორჯომის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. სწორედ ამ სხდომაზე უნდა დაამტკიცონ საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები, კომისიების თავმჯდომარეები.
მდგომარეობა არა პროგნოზირებადია და ყველა წინაპირობით ის საკმაოდ ხმაურიანი იქნება, რადგან ბორჯომის მუნიციპალიტეტი არის ერთადერთი, სადაც "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობის მოპოვება ვერ მოახერხა. ბორჯომის საკრებულოში სულ არის 28 დეპუტატი, აქედან 13 „ქართული ოცნების“ წევრია. დანარჩენი 15 კი, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებს წარმოადგენენ. მათგან 11 „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია.
იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია შეძლებს გაერთიანებას, მმართველი გუნდი საკრებულოში უმცირესობაში აღმოჩნდება და წამყვან თანამდებობებზე კანდიდატურების დანიშვნა გაუჭირდება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამომრჩეველმა მათ მანდატი მისცა და ამიტომ, ეს ნდობა უნდა გაამართლონ.
„ჩვენმა მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ ბორჯომის საკრებულო უნდა იყოს ოპოზიციური და ჩვენ ეს ნდობა უნდა გავამართლოთ. დღეს დასრულდება ფოფხაძეების ხელის ბიჭების დრო ბორჯომში. დასრულდება პრემიები, დანამატები, კორუფცია, ნეპოტიზმი, უხარისხო მშენებლობები,“ - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა ბორჯომის საკრებულოში გიორგი გიუაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ოპოზიცია ერთ პოზიციაზე დგას და ის არ აპირებს დათანხმდეს შეთავაზებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ მხრიდან და უკავშირდებოდა თანამშრომლობას.
„ოპოზიცია ფაქტიურად ერთ მხარეს დგას მთლიანად და ანალოგიურად მეც, როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომდგენელი, რომელიც ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, მეც ვდგავარ ოპოზიციის გვერდზე,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაკურ გელაშვილმა.
„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ისინი შეეცდებიან მათი პროგრამით მოაწონონ ოპოზიციას თავი, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს "ოცნების" წარმომადგენელი.
„ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვგეგმავთ, რომ ჩვენი პროგრამით წარვდგეთ არჩეული დეპუტატების წინაშე და მოვიპოვოთ უმრავლესობა და გახდეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თავმჯდომარე,“ - განაცხადა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ფერაძემ.