18 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
სანდრო გირგვლიანის საქმე - დათა ახალაიამ ჩვენება სასამართლოს skype-ის საშუალებით მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გირგვლიანის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. დღევანდელ პროცესზე დათა ახალაიამ ჩვენება სასამართლოს skype-ის საშუალებით მისცა. ის გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მოწმის სახით იკითხება.

დათა ახალაია მიხეილ სააკაშვილის დაცვის და ბრალდების წარმომადგენლების შეკითხვებს თითქმის ორი საათის განმავლობაში პასუხობდა. დათა ახალაია 2012 წლის შემდეგ, სასამართლოს წინაშე პირველად დაიკითხა.

დაცვის მხარემ დათა ახალაია დეტალურად გამოკითხა იმასთან დაკავშირებით, შეხვდა თუ არა ის ნამდვილად საქართველოს მესამე პრეზიდენტს 2006 წლის დასაწყისში, მას შემდეგ რაც სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ცნობილი გახდა და იყო თუ არა მათ შორის საუბარი ამ კონკრეტულად საქმეზე.

დათა ახალაიას ეს საკითხი კატეგორიულად გამორიცხა და აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მას საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა, თუმცა ეს საქმეები საქართველოს უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას ეხებოდა.

დათა ახალაიამ დღევანდელ სხდომაზე რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოა.

სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა პროკურორმა, რომელმაც აღნიშნა, მცდელობა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულობა დამტკიცებულიყო, არ გამოვიდა.  

„დათა ახალაიას ჩართვა, კიდევ ერთხელ ხაზს ვისვამ, ეს იყო დაცვის მხარის ბოლო შანსი დაემტკიცებინათ, ასე ვთქვათ მიხეილ სააკაშვილის უდანაშაულობა, რაც ჩემი აზრით, არადამაჯერებელი გამოვიდა, ვინაიდან, დათა ახალია სწორედ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, აღნიშნულ ეპიზოდში არის ვალდებული. როდესაც ერთ საქმეზე ორი ბრალდებული ერთმანეთის სასარგებლოდ ჩვენებას აძლევს,  ეს განპირობებულია  მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებლობის აცილების მიზნით. ახალაიამ ვერც ერთ კითხვას ვერ უპასუხა. დათა ახალაიას ჩვენებისგან რაც გავიგეთ, მხოლოდ ერთადერთი რამ, რომ ეს იყო ის, რომ თითქოს პრეზიდენტსა და დათა ახალაიას შორის კომუნიკაცია არ არსებობდა, ეს იყო პრეზიდენტის სიცრუე,“ - განაცხადა პროკურორმა.  

მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ის ჩვენება, რომელიც დათა ახალაიამ სასამართლოს მისცა, საკმაოდ მნიშვნელოვანია საბოლოო განაჩენის მიღებისას.

„დღევანდელ ჩვენება არის არსებითად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მოცემულ საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, და მათ შორის არაპირდაპირი მტკიცებულებაც, რომ მიხეილ სააკაშვილი ვინმეს წინასწარ რაიმეს შეპირდა,“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

დღის ამბები