გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სამი სპეცრაზმელი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. დაჭრილი სამართალდამცველები მკურნალობის კურსს რეფერალურ საავადმყოფოში გადიან.
ექიმების განცხადებით, სამივე დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელის იოსებ აბულაშვილის განცხადებით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს, ძირითადი დაზიანებები კიდურების არეში აქვთ მიყენებული. მისივე თქმით, სამივე მათგან ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ, რის გამოც ისინი მკურნალობის კურსს ქირურგიულ დეპარტამენტში გადიან.
დაჭრილი სპეცრაზმელები გუშინ ღამით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, შს მინისტრმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულეს.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები გუშინ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას დაიჭრნენ.
სპეცოპერაცია თითქმის 22 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალა ერთი სპეცრაზმელი და დაიჭრა სამი.
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი, ხოლო ლიკვიდირებულია სამი პირი.