კიევის რაიონულმა სასამართლომ გენერალურ პროკურატურას უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების გატაცების შემთხვევების გამოძიება დაავალდებულა. საუბარია 21 ოქტომბერს მომხდარ ფაქტებზე, როდესაც უკრაინიდან საქართველოს სამი მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.
რადას დეპუტატის იური დერევიანკოს განცხადებით, დავით მაყიშვილი, მიხეილ აბზიანიძე და გიორგი რუბიშვილი გაიტაცეს და ისინი ქვეყნიდან კანონდარღვევით, ყოველგვარი იურიდიული და სასამართლო პროცედურის გარეშე გამოაძევეს.
"ეს ადამიანები გაიტაცეს, თავზე ტომრები ჩამოაცვეს, სკოჩით ხელ-ფეხი შეუკრეს და ხელბორკილებიც დაადეს. წაიყვანეს ჟულიანის აეროპორტში, ჩასვეს ეროვნული გვარდიის თვითმფრინავში და ასეთი მეთოდით გააძევეს უკრაინიდან საქართველოში. დღევანდელი გადაწყვეტილებით მოსამართლემ უკრაინელებს ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და სამართლიანი მართლმსაჯულების არსებობის იმედი მისცა," - განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა იური დერევიანკომ.