18 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
ბინა, რომელშიც შეიარაღებული დამნაშავეები იყვნენ, ამ დრომდე გაძლიერებული დაცვის ქვეშაა

გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე ბინა, რომელშიც შეიარაღებული დამნაშავეები იყვნენ, ამ დრომდე გაძლიერებული დაცვის ქვეშაა. პოლიცია ადგილზე მხოლოდ ექსპერტ კრიმინალისტებს უშვებს.

ორივე პანკისელი, ასლანბეგ ჯაბრაილოვი და რიზვან გორნაკაშვილი, რომლებიც ბინის გაქირავებასთან იყვნენ დაკავშირებული, გათავისუფლებულია. ასლანბეგ ჯაბრაილოვი ბინის მფლობელის თინა გაურგაშვილის შვილია. რიზვან გორნაკაშვილი კი, მისი ცოლის ძმა, რომლის შუამავლობითაც ბინა გააქირავა. არცერთი მათგანი დაკითხვის შემდეგ დღეს არც სოფელში და არც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საკუთრების სანახავად არ გამოჩენილა.

როდის და რა მიზნისთვის მიაქირავეს ბინა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, ამის შესახებ ინფორმაციას მფლობელების დაკითხვის შემდეგ არც სამართალდამცავი უწყებები ავრცელებენ.

საცხოვრებელში, რომელიც მთელი დღის განმავლობაში იზოლირებული იყო, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. აქ მცხოვრებლები იხსენებენ, რომ ბინის მფლობელის შვილი - ასლანბეგ ჯაბრაილოვი აქ ბოლოს ზაფხულში ნახეს, ოჯახთან ერთად, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა საცხოვრებელი გაქირავებული იყო.

პანკისში კი არ იციან, ვინ იყვნენ დუისელების მდგმურები, თუმცა გამორიცხავენ, რომ ისინი ხეობის მცხოვრები ქისტები ყოფილიყვნენ.

დღის ამბები