ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, იმ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობა, პერიმეტრს კვლავ სპეცრაზმი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.
სროლებისა და აფეთქებების შედეგად დაზიანებული სადარბაზოს მოსახლეობა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში რამდენიმე წუთის წინ შეუშვეს. ისინი ბინებიდან კუთვნილი ნივთების გამოტანას ითხოვდნენ.
ადგილობრივების განცხადებით, ვითარება კორპუსში რთულია, რადგან სადარბაზო, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებოდნენ, სრულად ამორტიზებულია.
მოსახლეობა ამბობს, რომ კორპუსის მესამე სადარბაზოში ცხოვრება საშიშია.
„არ შეიძლება ცხოვრება, როგორ შეიძლება, ამორტიზებულია მთელი სადარბაზო და საშიშია ცხოვრება. ჯერ კომპენსაციაზე არ ყოფილა საუბარი. არ ჩატარებულა ჯერ ექსპერტიზა,“ - განაცხადა დაზარალებულმა ნათია ბეგაშვილმა.
ადგილობრივ მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში კუთვნილი ნივთების ასაღებად შესვლის უფლება გამომძიებლების მისვლის შემდეგ მისცეს.
კორპუსის მცხოვრებთა უმეტესობა ამ დროისთვის სასტუმროშია დაბინავებული.
კორპუსის ვარგისიანობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა კი სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.
ავტორები : ნინო ვარძელაშვილი