ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებულ პირს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი უახლოეს პერიოდში მოინახულებს.
ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება პროცესებს. უჩა ნანუაშვილის თქმით, დაკავებულის და ლიკვიდირებულების ვინაობა არც მისთვის არის ცნობილი.
"ჯერჯერობით არ გვაქვს კონკრეტულად ვინაობა იმ პირთა შესახებ, ვინც მონაწილეობდა ამ ინციდენტში. ჩვენ ჩართულნი ვართ უკვე პროცესში. ასევე მოვინახულებთ უახლოეს პერიოდში დაკავებულს და მაქსიმალურად ვეცდებით, მოვიპოვოთ დამატებითი ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. .
ომბუდსმენი იმ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სპეცოპერაციისას ერთ-ერთი ლიკვიდირებული პირი ახმედ ჩატაევია. კითხვაზე, თუ ლიკვიდირებული ჩატაევია, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ მისი გათავისუფლება ციხიდან შეცდომა იყო, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ის სხვა დროს იყო.
„დროს ნუ ურევთ, ის იყო სხვა დროს, ის იყო კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დაკავებული. იყო ასევე საქმეში როგორც მე მახსოვს, მესაზღვრეების ჩვენება, რომლებიც ამბობდნენ, რომ ძალით მიაცემინეს გარკვეული ჩვენება მის წინააღმდეგ. სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, მხოლოდ ამის შემდეგ, რამდენიმე წლის შემდეგ ის შევიდა ტერორისტთა სიაში,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
დაკავებულისთვის სასამართლომ დღეს აღმკვეთი ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ტერორიზმში ბრალდებულის წინააღმდეგ საქმე ორი უმძიმესი მუხლით არის აღძრული.
საუბარია უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებაზე.
დანაშაული, რომელსაც დაკავებული არ აღიარებს, 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ცნობილია, რომ ტერორიზმში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ამ ინფორმაციას სუს-ში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.