გაბრიელ სალოსის გამზირზე, სროლებისა და აფეთქებების შედეგად დაზიანებულ კორპუსში დღეს ერთი ოჯახი შეუშვეს. მათ ბინიდან კუთვნილი ნივთები გაიტანეს. მაისურაძეების ოჯახს სახლში შესვლის უფლება გამომძიებლების მისვლის შემდეგ მისცეს.
ადგილობრივების განცხადებით, სადარბაზო, სადაც ტერორიზმში ბრალდებული პირები იმყოფებოდნენ, სრულად ამორტიზებულია. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის პერიმეტრს კვლავ სპეცრაზმი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.
მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებში სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა.
პირველ სართულზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ საყრდენი კედლები დაბზარულია, სახლში წყალია ჩასული, ჩამსხვრეულია ფანჯრები და ასევე, მოშლილია კომუნიკაცია.
ამ დროის მონაცემებით, სპეცოპერაციისას 100-მდე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.
„საცხოვრებლად არ გამოდგება, დანგრეულია, კედლები არ არის მთლად მოშლილი, მაგრამ საცხოვრებლად არ გამოდგება. წყალი არის ჩასული, მინები ჩამსხვრეული,“ - აცხადებენ დაზარალებულები.
გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლებში შესვლას ადგილობრივები დღის განმავლობაში ეტაპობრივად შეძლებენ.
არის თუ არა კორპუსი ამორტიზებული, ამას ექსპერტიზა დაადგენს. გუშინ ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტები.
ორდღიანი პაუზის შემდეგ, დღეს სწავლა აღდგა 97-ე საჯარო სკოლაშიც.