ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებზე თბილისში კონფერენცია გაიმართა. შეკრებილებს სიტყვით პრეზიდენტმა და სახალხო დამცველმა მიმართეს. მათ ქალთა მკვლელობების კუთხით არსებულ ვითარებასა და პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
„2017 წელს ფემიციდის 22 შემთხვევაა. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხებზე მიმართვა ამ წლის განმავლობაში 10 ათასს აღწევს. ფემიციდთან დაკავშირებული საკითხები არ არის ვიწრო მხლოდ კრიმინალური შემთხვევის გამოხატვა, ჩვენ ნათლად უნდა გავუსწოროთ თვალი იმ ფაქტს, რომ ეს ჩვენი საზოგადოების, სოციუმის პრობლემაა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სახალხო დამცველის შეფასებით, ფემიციდთან დაკავშირებული მდგომარეობა მძიმეა.
„მიუხედავად გარკვეული ნაბიჯებისა, ფემიციდი, როგორც პრობლემა თავისი მასშტაბებით კვლავ არსებობს. ჩვენი რეკომენდაციები არის იქითკენ მიმართული, რომ მდგომარეობა შეიცვალოს, მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ ფემიციდის დეფინიცია კანონმდებლობაში აისახოს,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
კონფერენცია სახალხო დამცველის ოფისმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართა.