გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებული კორპუსი, ექსპერტებმა შეისწავლეს. ადგილზე თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
ექსპერტებს კორპუსის პირველ და მეორე სადარბაზოში მუშაობის შესაძლებლობა მიეცათ. მათი თქმით, კორპუსში დაზიანებულია ცალკეული ზონები, არის ნახანძრალი და ჩამტვრეულია ბინების კარებები და ფანჯრები.
მათივე თქმით, პირველ და მეორე სადარბაზოში ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიში არ არის, რადგან დაზიანება არ არის სერიოზული.
„სხვადასხვანაირი სურათია, გაცილებით უფრო მძიმე სურათია მიმდებარე სურათში, მაგრამ იქაც არ არის მძიმე. არის დაზიანებები, მაგრამ ზედაპირული, მსუბუქი და უმნიშვნელო დაზიანებები, სხვადასხვა ხარისხის,“ - აცხადებს თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის წარმომადგენელი ზაზა კუტელია.
რაც შეეხება მესამე სადარბაზოს, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებოდნენ, ექსპერტებს დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. ტერიტორიას სპეცდანიშნულების რაზმი ამ დრომდე იცავს. შესაბამისად უცნობია, რამდენად რთულია დაზიანება ან არის თუ არა შესაძლებელი ცხოვრება.
„ჩვენ ვიყავით პირველ და მეორე სადარბაზოში, მესამეში არ გვიშვებენ ჯერჯერობით, დაზიანებულია ცალკეული ზონები, მთლიანად არა. არის ნახანძრალი, არის შემურული კედლები, დაზიანებულია ფანჯრები, კარებები, ჭერია რამდენიმე ზონაში დაზიანებული. სპეცოპერაციამდეც დაზიანების ხარისხი ჰქონდა მესამე მინიჭებული. ბზარებია კედლებში და დეფორმაციები,“ - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის წარმომადგენელმა თენგიზ ცერცვაძემ.
სპეცოპერაციის ღამეს იხსენებს მოსახლეობა. ადგილობრივების თქმით, სამართალდამცველებმა ევაკუაცია ღამის სამ საათზე დაიწყეს. მათივე განცხადებით, სამართალდამცველები კუთვნილ ბინებში ამ დრომდე არ უშვებენ, შესაბამისად, ადგილობრივებისთვის უცნობია, რამდენად მძიმედ არის ბინები დაზიანებული.