ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით მართვის ცენტრი ამოქმედდა, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყება მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს: 595950925.
შსს-ის ცნობით, ვიცეპრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბათუმში გაემგზავრნენ.
ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძარს 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი აქრობს. ადგილზე აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 13 სახანძრო-სამაშველო მანქანაა მობილიზებული.
ხანძრის შედეგად არის მსხვერპლი. წინასწარი ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილები არიან სასტუმროში მყოფი მოქალაქეები და სამი მეხანძრე-მაშველი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.