სახალხო დამცველი ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილ ხანძარს ეხმაურება. უჩა ნანუაშვილი გამოქვეყნებულ განცხადებაში სამართალდამცავ უწყებებს საქმის სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს. ომბუდსმენმა გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.
"სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ხანძრის გამომწვევი მიზეზების სწრაფი და ეფექტური გამოძიება. როგორც ცნობილი გახდა, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. პირველ რიგში, გამოძიების შედეგად უნდა დადგინდეს გათვალისწინებული იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები სასტუმროს მშენებლობის პროცესში და მშენებლობის პროექტის დამტკიცებისას მოთხოვნილი იყო თუ არა აღნიშნული წესების დაცვა შესაბამისი კომპეტენტური უწყებების მიერ. თუკი სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა მოთხოვნილი არ იყო, ანდა მოთხოვნის მიუხედავად, გათვალისწინებული არ ყოფილა, უნდა დადგინდეს და გამოვლინდეს იმ თანამდებობის პირთა ვინაობა, ვინც სასტუმროს მშენებლობის და ფუნქციონირების ნებართვა გასცა.
საქართველოს სახალხო დამცველი აქამდეც არაერთხელ მოუწოდებდა ხელისუფლებას სახანძრო უსაფრთხოების მკაცრი მონიტორინგისკენ. სასტუმროს უსაფრთხო ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ სასტუმროს პერსონალი, არამედ სახელმწიფოც. აღნიშნული უმძიმესი შემთხვევა ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეგულაციების ამოქმედების საფუძველი უნდა გახდეს, რათა უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით შემოწმდეს ქვეყანაში მოქმედი ყველა სასტუმრო თუ სასტუმრო სახლი.
საქართველოს სახალხო დამცველი თვალ-ყურს მიადევნებს გამოძიების მიმდინარეობას და იმედს გამოთქვამს, რომ მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიების შედეგები ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის,“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.