„მოსაყდრე არავითარ შემთხვევაში არ ვიქნებოდი, უარს ვიტყოდი. პატრიარქმა იცის, მე რაც არ მსურს და იმას არ დამავალებს,“ - ეს განცხადება მეუფე იაკობმა შაბათის კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, სერიოზულ საკითებთან დაკავშირებით პატრიარქი თავად იღებს გადაწყვეტილებას.
ქორეპისკოპოსის თქმით, საპატრიარქოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მას აქვს კომუნიკაცია პრემიერთან, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან, ძალოვან უწყებებთან, თავდაცვის სამინისტროს გარდა.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, მოსაყდრის დანიშვნის შემდეგ მას უნდა ჰკითხოს თუ არა, რა სახის კომუნიკაცია ექნება მთავრობასთან, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ ის ამას მოსაყდრეს არ შეეკითხება.
„მოსაყდრეს რატომ უნდა ვკითხო. მოსაყდრე არის უპირატესი მღვდელმთავარი, წირვებზე დადგება წინ,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, რა რეაქცია ჰქონდა მეუფე იაკობს, რომ პატრიარქის მიერ მოსაყდრის დასახელების შესახებ მისთვის უცნობი იყო, ქორეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ მას ეს გაუხარდა.
„გამიხარდა, ეგოისტობაში ნუ ჩამომართმევთ და ჩემზე ცოტა ხანი გაჩერდება, რაც ამდენი კამპანია მიდის ჩემს წინააღმდეგ, ალბათ, გაჩერდებიან ცოტა ხანია, თუ არ გაჩერდებიან, ნება მათია,“ - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
მან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი, მასთან დაახლოებული პირია, "ტყუილი" უწოდა.
მეუფე იაკობის თქმით, მისი მისი ეშინიათ და დემონიზაცია მიმდინარეობს.
მეუფე იაკობმა წმინდა სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებაც გაიხსენა.
„მეუფე პეტრემ სინოდზე ასეთი რამ ბრძანა, მე არაფერი, ეპისკოპოსებმა გასცეს პასუხი, შენ შესული იყავი მამალაძესთან ციხეშიო. რომ ვკითხე, მეუფე, ეგ ვინ გითხრათ-მეთქი, მითხრა, რომ მამალაძემ უთხრა ადვოკატებს და იმათ მითხრეს მეო. ასეთ სისულელეებს რომ ავყვე, ვინც ეგ მოიგონა, ფსიქიატრთან უნდა დადიოდეს, მე კი არ უნდა მელაპარაკებოდეს. მე რომ დამნაშავე ვიყო, როგორ ფიქრობთ, ქვეყანაში გავჩერდებოდი? ან ის ხალხი, რომელიც მე დამეჯახა, ამას მაპატიებდა? რა ძალა მაქვს ასეთი. ათას მითებს ქმნიან. ჩემი ეშინიათ, მაიმუნობის საშუალებას არ ვაძლევ და იმიტომ, ჩემი დემონიზაცია მიდის... ჰაერში ვარ აგდებული ამდენი ხანია,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.