ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. სასტუმრო „ლეოგრანდში“, რომლის აშენება 40 მილიონი დოლარი დაჯდა, გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შვიდი მათგანი მაშველებმა ლიფტში იპოვეს.
შს მინისტრის განცხადების შემდეგ, რომ სასტუმროში სახანძრო კიბე არ იყო, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს. თუმცა, მედიასთან ამ თემაზე კომენტარი ოფიციალურ პირებს აღარ გაუკეთებიათ.
„ლეოგრანდის“ ადმინისტრაციას მთელი დღის განმავლობაში მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. დღის ბოლოს სასტუმროს თანამშრომლები საპირისპირო ბრალდებებით გამოვიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ შენობაში საავარიო კიბე არსებობს, მაგრამ მისი გამოყენება მაშველებმა ვერ მოახერხეს, რადგან მათ აირწინაღები და ჟანგბადის ბალონები არ ჰქონდათ.
უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, „ლეოგრანდი“ რამდენიმე თვის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა დააჯარიმა. ხუთვარსკვლავიანმა სასტუმრომ ამავე მიზეზით შენიშვნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისგანაც მიიღოო.
ხანძარი სასტუმრო ”ლეო გრანდში” გუშინ დღის ბოლოს, დაახლოებით, 20:00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, სასტუმროს მცხოვრებლებს და თანამშრომლებს შენობის დატოვება გაუძნელდათ. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა და მაშველებმა შენობა 100-ზე მეტ ადამიანს დაატოვებინეს.
თვითმხილველები იხსენებენ, რომ ცეცხლის ალი არ დაუნახავთ. ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ძლიერმა დაკვამლიანებამ შეუქმნა.