18 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
სასტუმრო "ლეოგრანდში" ცეცხლი არ დაგვინახავს, ვხედავდით კვამლს - მსახიობი კახა მიქიაშვილი

„ცეცხლი არ დაგვინახავს, ვხედავდით კვამლს,“ - ამის შესახებ მსახიობმა კახა მიქიაშვილმა, რომელიც ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“, გაჩენილ ხანძარს შეესწრო, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მან ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. 

მიქიაშვილმა ტრაგედიის ღამე დეტალურად გაიხსენა და აღნიშნა, რომ სასტუმროში ხანძარი არავის შეუნიშნავს, მხოლოდ კვამლს ხედავდნენ.

მსახიობის შეფასებით, დაკვამლიანება იმდენად ძლიერი იყო, რომ მეხანძრე-მაშველები ზედა სართულებზე საათნახევრის შემდეგ ავიდნენ.

კახა მიქიაშვილის თქმით, მეხანძრე-მაშველები და სასტუმროს თანამშრომლები მობილიზებულები იყვნენ.

მსახიობის განცხადებით, განგაშის ხმა არ ყოფილა.

„განგაშის ხმა არ გაგვიგია. სინათლე გამოითიშა, საშინელ დაკვამლიანებას ვხედავდით. რამდენიმე ოთახიდან გვესმოდა, ხმა რომ გვიშველეთ. 10-15 წუთში კოშმარული კვამლი გამოდიოდა. მალევე მოვიდა სახანძრო, მობილიზებული იყო ადმინისტრაცია, გვეხმარებოდნენ თანამშრომლები. მაშველებს საათნახევარზე მეტი დასჭირდათ, ჩვენთან რომ ამოსულიყვნენ იმიტომ, რომ წარმოუდგენელი კვამლი იყო. ცეცხლი არ დაგვინახავს, არც ვიცი, სად გაჩნდა ხანძარი. ვერ ვნახე ადამიანი, ვინც ცეცხლი დაინახა. ვხედავდით კვამლს. როგორც გაირკვა, კვამლით გაიგუდნენ ეს ადამიანები,“ - აღნიშნა კახა მიქიაშვილმა, რომელმაც ასევე დაამატა, რომ "კითხვა მიჩნდება, როგორ მოხდა, რომ 22-სართულიანი შენობა 15 წუთში ისე გაივსო კვამლით, რომ ხალხი გაიგუდა. ვერ ვხსნი, ალბათ, ამასაც ექსპერტიზა დაადგენს".

ამავე თემაზე
დღის ამბები