18 ნოემბერი 2024,   09:57
ვრცლად
თანამოსაყდრის საგანგებო სიტუაციაში გამოცხადება არის საპატრიარქოში ჩოჩქოლის შემტანი - თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი

„თანამოსაყდრის საგანგებო სიტუაციაში გამოცხადება არის საპატრიარქოში გარკვეული ჩოჩქოლის შემტანი,“ - ამის შესახებ თეოლოგმა მირიან გამრეკელაშვილმა განსხვავებულ აქცენტებთან საუბარში განაცხადა, სადაც მან პატრიარქის მიერ მოსაყდრედ შიო მუჯირის წარდგენაზე ისაუბრა.

„პატრიარქი მიხვდა, რომ მისი ნაქადაგები ოქროს ხანა არის ფარსი, საქართველოს ეკლესია კრიზისის და გამოწვევის წინაშეა, იქ გამეფებულია რთული მდგომარეობა და ამ მდგომარეობაში სცადა, შეეტანა გარკვეული ტიპის განსაზღვრულობა, რომელიც დაკავშირებულია მომავალი პატრიარქის არჩევასთან. საპატრიარქოს შიგნით არსებული დაძაბულობა, ძირითადად, კონცენტრირებულია ქონების გადანაწილებასა და პოზიციების გამყარებაზე, ვინ იქნება მომავლი პატრიარქი. ამ შემთხვევაში პატრიარქმა ცხადად წამოაყენა მეუფე შიოს კანდიდატურა, სხვებთან შეუთანხმებლად,“ - აღნიშნა გამრეკელაშვილმა. 

თეოლოგმა მიტროპოლიტ შიო მუჯირის შესახებ ისაუბრა.

„მიტროპოლიტ შიო მუჯირის მნიშვნელოვანი თვისება, რის გამოც პატრიარქმა თანამოსაყდრედ აირჩია, არის ერთგვარი იდუმალება, ის, რომ მის შესახებ საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის," - აღნიშნა მირიან გამრეკელაშვილმა.

მირიან გამრეკელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ დაუდასტურებული ინფორმაციით, შიო მუჯირმა მკაცრი დამოკიდებულება გამოავლინა მეუფე პეტრეს მიმართ და „მას პატრიარქის არაერთგული და უღირსი ადამიანი უწოდა“.

თეოლოგი ვარაუდობს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერანტს რომ არ სდომოდა მეუფე შიოს მოსაყდრედ დანიშვნა, ასე არ მოხდებოდა.

თეოლოგის ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ  შიო მუჯირი ლევან ვასაძის სულიერი მოძღვარია, ის არის მისი მეგობარი და თანამოაზრე. მირიან გამრეკელაშვილის თქმით, მათ გარკვეული თანამშრომლობა აკავშირებთ.

თეოლოგი საეჭვოდ მიიჩნევს ილია მეორის მიერ მოსაყდრის დანიშვნასა და საქართველოს საპატრიარქოში რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელის, ილარიონ ალფეევის, ჩამოსვლას. 

თეოლოგი ამბობს, რომ რუსეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის თვისობრივ დამოუკიდებლობას ვერ დაუშვებს.

"საქართველოს ეკლესია, საპატრიარქო და სინოდი რუსეთის მსახურია," - ამბობს ის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები