18 ნოემბერი 2024,   09:55
ვრცლად
სასტუმრო "ლეოგრანდის" თანამშრომლები დაკითხვაზე იმყოფებიან

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდიში“. გაჩენილი ხანძრისას გარდაცვლილებს პატივს დილიდან მიაგებენ რიგითი მოქალაქეები. ისინი ტრაგედიის ადგილზე ყვავილებს ტოვებენ და სანთლებს ანთებენ.

სასტუმროს თანამშრომლები კი დილიდან დაკითხვაზე იმყოფებიან. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს სასტურო "ლეოგრანდიში". იქ ასევე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები.

როგორც სასტუმროს ადვოკატი აცხადებს, ადმინისტრაცია მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

„კითხავენ თანამშრომლებს, მიმდინარეობს გამოკითხვები და იმ სურათის აღდგენა, რაც იყო ხანძრის დღეს, რაც იყო მანამდე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, ყველა ჩვენი თანამშრომელი, ვინც კი დაბარებულია, ნებაყოფლობით გამოცხადდა გამოძიებასთან. გამოცხადდებიან სხვებიც, ვისაც გამოძიება ჩათვლის საჭიროდ,“ - განაცხადა სასტუმრო „ლეოგრანდის“ ადვოკატმა კახა წერეთელმა.

რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა სასტუმროში დაცული უსაფრთხოების ზომები, ადვოკატი აცხადებს, რომ რაიმე სახის ხარვეზი რომ ყოფილიყო ამ მიმართულებით, ადმინისტრაცია გამოასწორებდა.

„მათ მიაჩნდათ, რომ ჰქონდათ. სხვანაირად რომ ჩაეთვალათ, გამოასწორებდნენ მდგომარეობას.  მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, რას დაადგენს გამოძიება,“ - განაცხადა კახა წერეთელმა.

სასტუმრო „ლეოგრანდი“ რამდენიმე თვის წინ დაჯარიმდა და დაევალა კონკრეტული ხარვეზების გამოსწორება, მათ შორის ხარვეზები უკავშირდებოდა უსაფრთხოებას. მოაგვარა თუ არა მითითებული  პრობლემები ადმინისტრაციამ, ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს.

სასტუმრო „ლეონგრანდიში“ ხანძარი 24 ნოემბერს გაჩნდა და მას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

გამოძიება პროკურატურამ სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები