ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიების პროცესში ამერიკული მხარე ჩაერთო.
ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა, ქაშუეთის ეკლესიაში განაცხადა.
„ახალი დეტალებზე, გამოძიებიდან გამომდინარე, ჯერ ვერ ვისაუბრებ. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ჩაერთო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკული მხარე. ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები. მათ ჩვენზე მეტად ძლიერი, გამოცდილი სამსახურები ჰყავთ, საექსპერტო მიმართულებითაც და ასევე საგამოძიებო მიმართულებითაც და ერთობლივად ვაწარმოებთ გამოძიებას,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გომელაურის თქმით, არსებობს ეჭვი იმისა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის სამ ლიკვიდირებულს შორის ერთ-ერთი აშშ-ის მთავრობის მიერ ტერორისტთა შავ სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევია.
სუს-ის უფროსის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძიების პროცესი და მისი იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა.