ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება თბილისში.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს იმედი აქვს, რომ გლოვის დღეების შემდეგ, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ანა დოლიძის განცხადებით, ასეთი ტრაგედია საქართველოს ისტორიას იშვიათად ახსოვს.
„ძალიან მძიმე მოვლენას ჰქონდა ადგილი. ჩვენ ძალიან ვწუხვართ და თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს. თუ ხალხს მოვუსმენთ, ჩანს, რომ ხალხში არის სერიოზული კითხვები ამ მოვლენასთან დაკავშირებით. გლოვის დღეები რომ ჩაივლის, იმედი გვაქვს, რომ ამ კითხვებს შესაბამისი პასუხი გაეცემა," - განაცხადა ანა დოლიძემ.
ბათუმში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეც.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, დადგინდეს ფაქტები". მისი თქმით აუცილებელია ჩატარდეს დროული და ეფექტური გამოძიება.