ბათუმში მომხდარი ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება სწავლობს. ასევე სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ, იყო თუ არა სასტუმრო „ლეოგრანდში“, სადაც გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, უსაფრთხოების ზომები დაცული.
გაირკვა, რომ სასტუმროს საევაკუაციო ორი კიბე აქვს, თუმცა, ხანძრის დროს ორივე მათგანი კვამლით სავსე და გამოუყენებადი აღმოჩნდა.
იგივე მოხდა ლიფტის შემთხვევაში, რომელიც ასევე კვამლში იყო გახვეული.
ტრაგიკულ ღამეს სასტუმროს სტუმრების დიდი ნაწილი მე-7 სართულზე, რესტორანში იმყოფებოდა. შენობაში მყოფი პირები იხსენებენ, რომ მაშველები შემთხვევის ადგილას დროულად მივიდნენ, თუმცა, ძლიერი კვამლის გამო, შენობაში შესვლას, თითქმის, ერთი საათი ვერ ახერხებდნენ.
რესტორანში მყოფი სტუმრები იხსნებენ, რომ კვამლის გაჩენასთან ერთად შენობაში დაწვიმების მექანიზმი ჩაირთო. თუმცა, არ ჩართულა ხმოვანი სიგნალიზაცია. ხოლო კვამლის და სიბნელის გამო, საევაკუაციო კიბეებამდე მისვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
სპა განყოფილებაში, სადაც სავარჯიშო დარბაზი იყო, როგორც ჩანს, არც სიგნალიზაცია და არც დაწვიმების მექანიზმი არ ჩართულა, საიდანაც გამოღწევა სასტუმროს რამდენიმე სტუმარმა ვერ შეძლო.
ლიფტი 24 ნოემბერს დატრიალებულ ტრაგედიაში ერთ-ერთი ყველაზე ფატალური გარემოება იყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სწორედ ლიფტებში 8 ადამიანამდე გაიგუდა. თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია, ვინ სად და რა ვითარებაში დაიღუპა, არ არსებობს.
სახანძრო უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ადამიანურია - ანუ, რამდენად მომზადებულია პერსონალი, ტარდება თუ არა საევაკუაციო სწავლება და რამდენად მომზადებულია პერსონალი ასეთი შემთხვევებისთვის.
ავტორი: მიხეილ სესიაშვილი