პატრიარქის მიერ თანამოსაყდრის დასახელებას საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა მოჰყვა. გაჩნდა კითხვები - ხომ არ აპირებს პატრიარქი უახლოეს მომავალში გადადგომას, ან ხომ არ თვლის, რომ ის ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას, ან ხომ არ შიშობს, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრის შერჩევას შესაძლოა, ეკლესიაში დიდი ვნებათა ღელვა მოჰყვეს და ამიტომ ცდილობს, სიცოცხლეშივე კალაპოტში მოაქციოს ქაოტური დინება.
აღნიშნული კითხვები მოსაყდრის პირდაპირ განმარტებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, ის არის ადამიანი, რომელიც მართავს ეკლესიას იმ შემთხვევაში, თუ კათოლიკოს-პატრიარქი რაიმე მიზეზით, თუნდაც ჯანმრთელობის გამო, ვეღარ შეძლებს თავისი მოვალეობის შესრულებას, ან გადადგება, ან გარდაიცვლება.
კითხვები ჩნდება თანამოსაყდრესთან დაკავშირებითაც, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა დაასახელა.
რატომ სწორედ მეუფე შიო? ვინ არის სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი და ახლა უკვე მოსაყდრე, შიო მუჯირი?
მას დამთავრებული აქვს თავის დროზე ელიტარულად მიჩნეული, თბილისის 53-ე სკოლა, სწავლობდა კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში, იმარჯვებდა საერთაშორისო კონკურსებში.
ახლადგამორჩეული მიტროპოლიტი შიო სასულიერო ცხოვრებაში გამოირჩევა იმით, რომ სხვა ქორეპისკოპოსებისგან განსხვავებით, სატელევიზიო არქივი, თითქმის, არა აქვს. არასდროს უყვარდა გამოჩენა თავყრილობებზე, არ იწერდა საკუთარ ქადაგებებს და შემდეგ არ ავრცელებდა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მონაწილეობდა არც სატახტო ინტრიგებში.
თუმცა, ბოლო თვეებმა მოვლენებში მაინც ჩართო. ორი ყველაზე ხმაურიანი და წინააღმდეგობრივი საკითხის გამო, შეკრებილი სინოდის გადაწყვეტილებათა გახმოვანება სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტს დაავალეს. ერთი ეხებოდა მართლმადიდებელთა მსოფლიო კრებაში მონაწილეობაზე ქართული ეკლესიის უარს. მეორე - ე.წ. ციანიდის საქმით გამოვლენილ შიდა დაპირისპირებას.