ერთ კვირაში მოსკოვში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციას ელოდებიან. მოპატიჟება პატრიარქ კირილის წარმომადგენელმა თბილისში ვიზიტისას რამდენიმე კვირის წინ პირადად ილია მეორეს გადასცა.
ცნობილია, რომ რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავის იუბილეზე 3 მაღალი იერარქიის სასულიერო პირისაგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება.
დელეგაციას ახალციხის, ტაო კლარჯეთსა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე უხელმძღვანელებს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ღონისძიებაზე არ მიემგზავრება თავად საქართველოს პატრიარქი.
„რა თქმა უნდა, დასვამენ ამ საკითხს, აფხაზეთის საკითხსაც და ცხინვალის საკითხსაც ყველა შემთხვევაში დასვამენ, სადაც კი ამის საშუალება მიეცემათ კომპეტენტურ პირებთან. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და არა ერთგზის დავაყენეთ ეს საკითხი, რომ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ჩვენი იურისდიქცია განხორციელდეს. არა მარტო იმით, რომ სიტყვით ვარ აღიარებული, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა და საქართველოს ეკლესია უნდა ახორციელებდეს იქ მოღვაწეობას, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისით გვქონდეს შეწევნა, თანადგომა იმისა, რომ ქართულ სამღვდელოებას ჰქონდეს შესაძლებლობა მოემსახუროს თავის მრევლს,“ - განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.