სასტუმრო „ლეო გრანდში“ ტრაგიკულ ღამეს გარდაცვლილების ოჯახის წევრები ხელისუფლებისგან დროულ და ობიექტურ გამოძიებას ელოდებიან. მთავარი კითხვა, რომელიც მათ აქვთ, სასტუმროში უსაფრთხოების ნორმებს უკავშირდება. ხანძარს სასტურმროში 11 ადამიანის სიცოცხელ ემსხვერპლა.
სასტუმროს დერეფანში კარებს სიბნელესა და კვამლში დარჩენილი ადამიანების ნათითურები ამ დრომდე ემჩნევა. შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა "კურიერს" ანონიმურმა წყარომ მოაწოდა, რადგან სასტუმრო სტუმრებისთვის და მედიისთვის ჯერ კიდევ დახურულია.
გარდაცვლილებიდან ერთ-ერთი 22 წლის ბექა შატაკიშვილია. ნათესავების ინფორმაციით, დარბაზში ჩარჩენილები სასტუმროს ფანჯრების ჩატეხვას ამაოდ ცდილობდნენ.
სასტუმროს მფლობელმა, თურქმა ბიზნესმენმა გარდაცვლილების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის. უსაფრთხოების სისტემის დეტალებზე საუბარი მან არ ისურვა, თუმცა ირწმუნება, რომ "ლეო გრანდი" უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს და ამ მიზეზით სასტუმრო არასდროს დაუჯარიმებიათ.
სასტუმროს მფლობელისგან განსხვავებით, მისი ადვოკატი ადასტურებს, რომ "ლეო გრანდი" ნამდვილად დაჯარიმდა 100 ლარით, თუმცა უკავშირდება თუ არა მომხდარი უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობას ან არასათანადო კონტროლს და ვინ არის პასუხისმგებელი, დეტალებზე ხელისუფლების წარმომადგენლები ისევ არ საუბრობენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.