საქართველოში გამართული საბავშვო ”ევროვიზია,” ხმაურიანი განხილვის მიზეზი გახდა. საზოგადოების დიდ ნაწილს შეკითხვები აქვს კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 5-კაციანმა ჟიურიმ უმაღლესი ქულა რუსეთის კონკურსანტს მისცა, რომელიც საბოლოოდ გამარჯვებული გახდა. მან ქართველ შემსრულებელს გრიგოლ ყიფშიძეს მხოლოდ 3 ქულით გაუსწრო. პოლინა ბოგუსევიჩი რუსეთიდან "საბავშვო ევროვიზია 2017"-ის გამარჯვებული 188 ქულით გახდა.
გამარჯვებულმა საბოლოო უპირატესობა საქართველოდან, 5-კაციანი ჟიურის გადაწყვეტილებით გაიმყარა. რუსეთის გამოსვლა უმაღლესი, 12 ქულით შეფასდა.
ჟიურის წევრები ოფიციალური სატელევიზიო კომენტარებისგან თავს იკავებენ, თუმცა facebook-ის გვერდზე გაკეთებულ განცხადებებში ხაზს უსვამენ, რომ უმაღლესი ქულით რუსეთის წარმომადგენელი არ შეუფასებიათ.
თუმცა, საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული მონაცემებიდან ჩანს, რომ ჟიურის 3-მა წევრმა რუსეთის წარმომადგენლის გამოსვლა უმაღლესი ქულით შეაფასა, ჟიურის ორი წევრისგან კი მან ასევე მაღალი ქულები მიიღო.