სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის გამოძიება გრძელდება. სასტუმროს მფლობელის ადვოკატის ინფორმაციით, ამ დროისათვის გამოძიებას 10 თანამშრომელი უკვე დაკითხული ჰყავს.
ჯერჯერობით სამართალდამცავებს განყოფილებაში არ დაუბარებიათ სასტუმროს თურქი მეპატრონე, რომელიც ბათუმშია და მასმედიასთან გუშინ პირველად გამოჩნდა.
„ამ ეტაპზე გამოკითხული არ არის, თუმცა ის ბათუმშია, ნებისმიერ დროს ელოდება, როდესაც დაიბარებენ, რა თქმა უნდა, გამოცხადდება,“ - განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა.
მთავარ შეკითხვაზე, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები სასტუმროში, პასუხს არც ადვოკატი და არც აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი პასუხობენ. მათი განმარტებით, ყველაფერს გამოძიება დაადგენს.
„ამ ეტაპისთვის საგამოძიებო მოქმედებები, ანუ შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულებულია. მიმდინარეობს ექსპერტ-კრიმინალისტების და გამომძიებლების მიერ აღებული ნიმუშების ექსპერტიზები. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მოქალაქეების გამოკითხვა და ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედებები. დაველოდოთ ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დამუშავებული ნიმუშების ექსპერტების პასუხებს და შემდგომ იქნება შემაჯამებელი პასუხი,“ - აცხადებს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი ლევან მაისურაძე.